search

საყოფაცხოვრებო

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?

27 ივნისი 2020

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?

როცა საქმე ისეთ აუცილებელ კომფორტს ეხება, როგორიც ზაფხულში გაგრილებაა და ისეთ საპასუხსიმგებლო რამეს, როგორიც კონდიციონერის სწორად შერჩევა, კარგი მრჩეველი ნამდვილად გამოგადგებათ. ამიტომ, ამ ბლოგით ვეცდები, რომ მრჩეველის როლი მოვირგო და მოგიყვეთ ყველა იმ დიდი თუ მცირე დეტალის შესახებ, რომელიც კონდიციონერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ. კონდიციონერები ძალიან ბევრი ტიპის გვხვდება, თუმცა შეგვიძლია მათი ორ ძირითად კატეგორიად დაყოფა: სპლიტ-სისტემები და მონობლოკები.

 

სპლიტ-სისტემა

 

ეს სისტემა გულისხმობს ორი ბლოკისგან შემდგარ კონსტრუქციას, რომელთაგანაც ერთი მონტაჟდება შენობის შიგნით და ერთი კი გარეთ. რადგან მთავარი ბლოკი გარეთაა, ამ სისტემის კონდიციონერების მუშაობის ხმაური ნაკლებად ისმის. სპლიტ-სისტემა, თავის მხრივ, რამდენიმე სხვადასხვა ფორმაში გვხვდება:



კედლის სპლიტ-სისტემა

ეს ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი კონდიციონერია. შიდა და გარე ბლოკისგან შემდგარი ეს კონსტრუქცია ნებისმიერი პატარა ფართობის შენობაში შეგიძლიათ დააყენოთ, იქნება ეს ბინა, ოფისი თუ მაღაზია.

 

მულტი-სპლიტ 

ამ ფორმის კონდიციონერები შედგებიან ერთი გარე და რამდენიმე შიდა ბლოკისაგან, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ფრეონსადენით.

 

კოლონური 

გამოიყენება მხოლოდ ისეთ შენობებში სადაც ძლიერი სიცივის შენარჩუნებაა საჭირო. ამასთან ერთად, კოლონური კონდიციონერები მასიურები არიან და დიდ ადგილსაც იკავებენ, ამიტომ სჯობს მასზე არჩევანი იმ შემთხვევაში შეაჩეროთ თუ დიდი სივრცის დაკარგვა თქვენთვის  პრობლემას არ წარმოადგენს.



არხული 

ეს კონსტრუქცია დაკიდულ ჭერში მონტაჟდება და მთლიანად იმალება. გაგრილება ხდება თბოიზოლირებული საჰაეროების დახმარებით. იქმნება ერთგვარი სავინტელაციო სისტემა, რომელიც ასევე დაკიდულ ჭერშია განთავსებული. ამ ტიპის კონდიციონერის საშუალებით თქვენ ერთდროულად რამდენიმე ოთახის გაგრილება შეგიძლიათ. 

 

კასეტური 

კასეტური კონდიციონერებიც დაკიდულ ჭერში მონტაჟდება, მაგრამ არხულებისგან განსხვავებით სიცივეს ბლოკის ქვედა ნაწილით ანაწილებენ.

 

ჭერ-იატაკის

თუკი დაკიდული ჭერი არ გაქვთ და კასეტური კონდიციონერის შეძენა გსურთ, მაშინ სჯობს არჩევანი ჭერ-იატაკის კონდიციონერზე შეაჩეროთ. ასეთი კონდიციონერების სიღრმე 18-25 სანტიმეტრია. ასეთი კონდიციონერები მონტაჟდება ქვემოთ კედელზე ან ჭერზე. 




მონობლოკური კონდიციონერი

 

სახელიდანაც შგიძლიათ დაასკვნათ, რომ ამ ტიპის კონდიციონერებს მხოლოდ ერთი ბლოკი გააჩნიათ. მათი ფასი გაცილებით უფრო დაბალია, მაგრამ აქვთ თავისი მინუსები. მონობლოკური კონდიციონერი ორი სახის გვხვდება: ფანჯრის და მობილური

 

ფანჯრის 

ის ძალიან მარტივად მონტაჟდება ფანჯარაში ან თხელ კედელში, მონტაჟის სიმარტივესთან ერთად ამ კონდიციონერის უპირატესობა მისი დაბალი ფასია. თუმცა, ფანჯრის კონდიციონერი ხმაურით მუშაობს და არღვევს სივრცის თბოიზოლაციას, რაც ზამთარში პრობლემური ხდება. 

 

მობილური

მისი დაყენება და ოთახიდან ოთახში გადაადგილება სრულიად დამოუკიდებლად შეგიძლიათ. დამონტაჟებისას თქვენი ერთადერთი ამოცანა თერმოიზოლირებული მილის ფანჯარაში და კედელში გაყვანაა. მობილური კონდიციონერის მთავარი მინუსიც მისი ხმაურიანობაა.



მნიშვნელოვანი ფუნქციები

 

გაგრილება-გათბობის გარდა ყველა კონდიციონერი საჭიროებს რამდენიმე ძირითად ფუნქციას, რათა მისი მუშაობა იყოს გამართული, კომფორტული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

 

ჰაერის ფილტრაცია

 

ეს ნებისმიერი კონდიციონერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია და გვინდა, რომ სახლში მაქსიმალურად სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ.

 

თვითწმენდის ფუნქცია

 

ჰაერის წმენის გარდა, სასურველია, რომ კონდიციონერს საკუთარი თავის სხვადასხვა დაბინძურებისგან გაწმენდის ფუნქციაც ჰქონდეს, რათა ხანგრძლივი დროის მანძილზე შეძლოს გამართულად მუშაობა, შეფერხებების გარეშე.

 

ავტომატური რეჟიმი

 

იმისათვის, რომ მუდმივად ყველაზე კომფორტული ტემპერატურის ძიებაში არ იყოთ, ეს ფუნქცია გარემო-პირობების ანალიზით თავად შეგირჩევთ იმ მომენტისთვის იდეალურ ტემპერატურას.

 

ჰაერის ნაკადის მიმართულება

 

ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირება კონდიციონერში ჟალუზების დახმარებით ხდება. მათ 5-7 ფიქსირებული მდგომარეობა გააჩნიათ. გაციების რეჟიმში ჰაერის ნაკადს ჭერის გასვრივ ამისამართებენ, ხოლო გათბობის რეჟიმში კი ის ქვემოთ არის მიმართული.

 

ტაიმერი

 

ეს ფუნქცია გაძლევთ შესაძლებლობას წინასწარ მიუთითოთ კონდიციონერის ჩართვა-გამორთვის დრო. მაგალითად, შეგიძლიათ დრო ისე შეარჩიოთ, რომ კონდიციონერი თქვენს სახლში დაბრუნებამდე საათით ადრე ჩაირთოს და თქვენც უკვე გაგრილებულ სახლში შედგამთ ფეხს,

 

ძილის რეჟიმი

 

ღამის რეჟიმის გააქტიურების შემდეგ კონდიციონერი ირჩევს ყველაზე დაბალ სიჩქარეს რათა ხმაურმა არ შეგაწუხოთ და იგი ავტომატურად ითიშება 7 საათის შემდეგ.

 

ენერგოეფექტურობა

 

ენერგოეფექტურობის დონის გარკვევა კონდიციონერებში ორი მაჩვენებლით ხდება, ესენია EER და COP. EER (Energy Efficiency Ratio) კოეფიციენტი ყინვის წარმოქმნისა და ელექტროენერგიის ხარჯის ურთიერთმიმართებას გამოხატავს. რაც უფრო მაღალია EER-ის კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს კონდიციონერი. СОР (Coefficient of Performance) კოეფიციენტი სითბოს წარმოქმნისა და დახარჯული ელექტროენერგიის ურთიერთმიმართებაა. ამ შემთხვევაშიც, რაც უფრო მაღალია COP კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს მოწყობილობა.

 

უსაფრთხოება

 

არ შეაერთოთ კონდიციონერი გადამყვანში, რადგან ამან, შესაძლოა, სადენის გადაცხელება გამოიწვიოს. მიაერთეთ პირდაპირ დენის წყაროს, თუმცა იქამდე სჯობს დარწმუნდეთ, რომ ამპერების რაოდენობა საკმარისია. კერძოდ, 115 ვოლტიან მოდელებს 7,5 ამპერი ჰყოფნის და ჩვეულებრივი ორშეასაერთებლიანი დენის წყარო არ შეუქმნის პრობლემას. მოდელებს, რომლების ძაბვაც 208/230 ვოლტია, სამშესაერთებლიანი წყარო სჭირდებათ,

 

სიმძლავრე

 

კონდიციონერი სიმძლავრე უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით თუ რა ტიპის და რა ზომის ფართისთვის გჭირდებათ დანადგარი. ბაზარზე ძირითადად გვხვდება 9000, 12000, 18000, 24000 და 48000 BTU (ბრიტანული თერმული ერთეული) სიმძლავრის მქონდე კონდიციონერები. იმისთვის, რომ დაადგინოთ რამდენი BTU გვჭირდება სახლის გასაგრილებლად, ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: ფართობი, ფანჯრების რაოდენობა, როგორი თბოიზოლაცია აქვს სახლს. რა ტექნიკაა ოთახში, რამდენი ნათურაა, რამდენი ადამიანია ოთახში და სხვა. თუმცა, საკითხის მეტად გასამარტივებლად არსებობს სტანდარტები, რომლებიც ერგება სხვადასხვა ტიპის სახლს: 15-25 კვადრატულ მეტრ ფართობს - 9000 BTU, 25-35-ს - 12000, 35-50-ს - 18000, 50-70-ს - 24000.

 

ბოლოს გეტყვით, რომ სხვა ნახსენებ დეტალებთან ერთად, კონდიციონერის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ მის ძრავსაც. უმჯობესია თუ თქვენი კონდიციონერი ინვერტორული ძრავის მქონე იქნება. ასეთ ძრავზე მომუშავე კონდიციონერები თითქმის უხმაუროები არიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.