search

სამზარეულო

თუ ნამდვილი პურის გემო გინდა შეიგრძნო, ჩვენ დაგეხმარებით პურის საცხობი აპარატის შერჩევაში

22 იანვარი 2020

თუ ნამდვილი პურის გემო გინდა შეიგრძნო, ჩვენ დაგეხმარებით პურის საცხობი აპარატის შერჩევაში

თუ ნამდვილი პურის გემო გინდა შეიგრძნო, ჩვენ დაგეხმარებით პურის საცხობი აპარატის შერჩევაში

რა სჯობს ახალგამომცხვარ, ფუმფულა პურს. გემრიელი, ხრაშუნა ქერქითა და მადისაღმძვრელი სუნით - მაღაზიაში ნაყიდი პური ვერასოდეს შეედრება ოჯახში გამომცხვარს.
გასაკვირი არ არის, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მინი საცხობები - რომლებიც მრავალფეროვან არჩევანს, საინტერესო რეცეპტურასა და გემრიელ პროდუქციას გვთავაზობენ. მაგრამ რა მოვიმოქმედოთ, თუ მსგავსი საცხობი ახლოს არ არის და არც დრო და საშუალება გვაქვს, რომ ყოველი ვახშმის თუ სადილის წინ შევიძინოთ ახლადგამომცხვარი პური?
სახლის პირობებში პურის გამოცხობის პერსპექტივა ბევრს არ ხიბლავს. დიასახლისის ენთუზიაზმი, როგორც წესი, ცომის მოზელვის პროცესში ქრება. და მაინც, არაფერი სჯობს სახლში გამომცხვარ ფუნთუშეულობას და ბევრს კარგავთ, თუ უარს ამბობთ ამ სიამოვნებაზე. ამიტომ ნება გვიბოძეთ, წარმოგიდგინოთ დიასახლისის ერთ - ერთი საუკეთესო დამხმარე - პურის საცხობი აპარატი!

თანამედროვე ბაზარი პურის საცხობი აპარატების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ჭკვიანი მოწყობილობა სპეციალურად ცომეულის მოსამზადებლადაა განკუთვნილი და სხვადასხვა საინტერესო ფუნქციით გახლავთ აღჭურვილი. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, არის ის, რომ დააპროგრამოთ მოწყობილობა, დაამატოთ ინგრედიენტები და ჩართოთ. პურის საცხობი აპარატი კი მოკლე მონაკვეთში ხრაშუნა პურს მოგიმზადებთ.

puris-aparatis-shercheva

როგორ შევარჩიოთ პურის საცხობი აპარატი?

სასურველი მოდელის შერჩევისას გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და საცხობი აპარატის კომპლექტაცია. ყურადღება მიაქციეთ დამატებით ფუნქციებს. არ შეიძინოთ პურის საცხობი აპარატი, თუ მის გამოყენებას წელიწადში ერთხელ გეგმავთ. ამ შემთხვევაში, ჩვენი რჩევა იქნება, შეიძინოთ მულტისახარში ქვაბი ცომის მოზელვის ფუნქციით. ეს შენაძენი ბევრად უფრო პრაქტიკული იქნება.

თუ პურის გამოცხობას ხშირად გეგმავთ, მაშინ არჩევანი შეაჩერეთ პურის საცხობ აპარატზე. მსგავსი ვიწროპროფილიანი ტექნიკა ადაპტირებულია მაღალტემპერატურულ რეჟიმზე და ფუნთუშეულობის გამოცხობის რეჟიმების დიდ არჩევანს გვთავაზობს.

საცხობი აპარატის შეძენის წინ ყურადღება მიაქციეთ ხუთ ძირითად პარამეტრს. სწორედ ამ პარამეტრებზეა დამოკიდებული აპარატის ფუნქციონალი, პურის ნაირსახეობა და მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობა. უკანასკნელი პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ მოწყობილობის რეგულარულ გამოყენებას გეგმავს. აპარატი უნდა უძლებდეს მაღალ ტემპერატურას.

მაშასადამე, მოდით, გავერკვეთ პურის საცხობის ფუნქციონალში და დავაზუსტოთ, უფრო კონკრეტულად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სასურველი მოდელის შეძენის წინ.

puris-aparatis-shercheva

შევარჩიოთ პურის სწორი წონა

პურის საცხობი აპარატის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ცხობის მაქსიმალურ წონას (მოცულობას). ეს პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი ოჯახის მოთხოვნებს.

ამ შემთხვევაში, ფრაზა - რაც მეტი, მით უკეთესი, არ მუშაობს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი მოდელი გნებავთ.

დიდი გაბარიტების საცხობი აპარატი სამზარეულოში დიდ ადგილს დაიკავებს, დახარჯავს ზედმეტ ელექტროენერგიას და მოგამარაგებთ საკვების იმ ოდენობით, რომელსაც ვერ მოერევით. დამეთანხმეთ, ირაციონალური არჩევანია.

ამავდროულად, ძალიან პატარა მოცულობის აპარატი თქვენთვის საჭირო წონის პურს ვერ გამოაცხობს და იძულებულს გაგხდით, ხშირად ჩართოთ საცხობი. შედეგად, ელექტროენერგიის არაეკონომიურ მოხმარებასა და სამზარეულოში გაუთავებელ ფუსფუსს მიიღებთ.

როგორ შევარჩიოთ პურის წონა?
მოდელების უმრავლესობას პურის წონის არჩევის ფუნქცია 450 - 900 გრამამდე აქვს, რაც სავსებით საკმარისია 2-3 ადამიანისთვის. მაგრამ თუ ოჯახი მეტი წევრისგან შედგება, შეარჩიეთ უფრო დიდი საცხობი.

puris-aparatis-shercheva

საცხობი ჯამი

პურის საცხობი აპარატის ექსპლუატაციის დროს ძირითადი დატვირთვა მოდის მის ჯამზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მის ხარისხს.
ჯამის საფარი შეიძლება, იყოს ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის. ალუმინის მასალის საცხობი უფრო სუსტია, შესაბამისად - იაფიც.

საცხობის ჯამს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირი. ამ მახასიათებელს დიდი ყურადღება მიაქციეთ. ასეთი ზედაპირი უნდა იყოს სქელი, ნაკაწრების და სხვა ვიზუალური დეფექტების გარეშე.

კლასიკური აგური - ამ ფორმის პურის გამოცხობა ნებისმიერ მოდელს შეუძლია, მაგრამ თანამედროვე ტექნიკა სხადასხვა არჩევანს გვთავაზობს, მაგალითად: მრგვალი ფორმის პურის გამოცხობის ფუნქცია, ჭურჭელი ფუნთუშეულობის მოსამზადებლად, ასევე ორი ფორმის მქონე მოდელები. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ცომისგან მოზელილი პურის ერთდროულად გამოცხობის საშუალებას იძლევა.

კორპუსის მასალა - პლასტმასი თუ ლითონი?

პურის საცხობი აპარატის კორპუსის მასალა ძირითადად პლასტმასის ან ლითონისაა. ამ პუნქტს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა სასიცოცხლო.
ლითონის კორპუსი გამძლე და გამოსადეგია. მისი ექსპლუატაციის ვადა გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე პლასტმასის კორპუსის. ამ უკანასკნელის უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასია, მაგრამ ეს „ბონუსი“ მასალის სისუსტით არის გამოწვეული. პლასტმასის კორპუსი შეიძლება, გაიბზაროს და დაზიანდეს.

puris-aparatis-shercheva

პროგრამების რაოდენობა

პურის საცხობის პროგრამების რაოდენობა 1-დან 30-მდე ვარირებს. ყველაზე მარტივი მოდელები ჭვავისა და თეთრი პურის რამდენიმე სახეობას, კექსებსა და ფუნთუშებს აცხობს. შეუძლიათ, მოამზადონ ჯემი და იოგურტი. თუ გსურთ ხორბლის და ფრანგული პურის გამოცხობა დანამატებით, გლუტენისა თუ საფუარის გარეშე, შეიძინეთ უფრო მოდერნიზირებული და ძვირადღირებული მოდელი.

მოდით ვაღიაროთ, წარმოდგენილი პროგრამების უმეტესობას იშვიათად ვიყენებთ. როგორც წესი, დიასახლისი ექსპერიმენტებს აპარატის შეძენისთანავე ატარებს. ნელ-ნელა კი აზარტის გრძნობა ქრება. სწორედ ამიტომ, გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, შევიძინოთ საცხობი 12-15 ფუნქციით. ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია ტრადიციული რეცეპტებისა და გემრიელი ფუნთუშეულობის გამოსაცხობად.

puris-aparatis-shercheva

სიმძლავრე

თუ ბლენდერის შეძენისას ყურადღებას ვაქცევთ სიმძლავრეს, რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ხელსაწყო. პურის გამოცხობა უფრო რთული პროცესია.

მაღალი სიმძლავრის საცხობი დააჩქარებს გამოცხობის პროცესს. მაგრამ ეს ფაქტორი უარყოფითად იმოქმედებს პურის გემოსა და ხარისხზე. ასევე, არ დაგავიწყდეთ ელექტროენერგია, რომელსაც მსგავსი საცხობი არაეკონომიურად მოიხმარს.
ოპტიმალური სიმძლავრეა 500 - 900 ვატი.

puris-aparatis-shercheva
საინტერესო ფუნქციები - რას მივაქციოთ ყურადღება

მწარმოებლები ზრუნავენ ჩვენს კომფორტზე და დამატებით სიურპრიზებს გვთავაზობენ.
ამ მახასიათებლებიდან მნიშვნელოვანია ეკრანი, მოსახერხებელი სამართავი პანელი, ტაიმერი (სტარტის გადადების ფუნქციით), სავენტილაციო ფანჯარა, რომლის საშუალებითაც თვალს მიადევნებთ ცხობის პროცესს და რა თქმა უნდა, ტემპერატურის შენახვის ფუნქცია, რომელიც ახლადგამომცხვარ პურს გაციების საშუალებას არ მისცებს.