search

სამზარეულო

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას

22 იანვარი 2020

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას

 საოჯახო საქმეებს უამრავი დრო და ენერგია მიაქვს: საჭმლის მომზადება, თეფშების, ქვაბებისა და ტაფების რეცხვა. თითქოს საქმეს მორჩი, მაგრამ ხვდები, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. ამას ემატება სამზარეულოს ტექნიკა, რომლის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ სწორ ექსპლუატაციასა და მოვლა პატრონობაზეა დამოკიდებული.
ერთი შეხედვით, ამაში რთული არაფერია, მაგრამ ბაზარზე არსებული ტექნიკის მრავალფეროვნება ჩვენგან მეტ ცოდნასა და ყურადღებას ითხოვს. ექსპლუატაციისა და ტექნიკის მოვლის ელემენტარული წესების არ ცოდნა - ეს ის მთავარი პრობლემაა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი ოჯახის ახალ დამხმარეს და რა თქმა უნდა ჩვენს ბიუჯეტს.

samzareulos-teqnikis-movla

 

 

როგორ მოვუაროთ გაზქურის ზედაპირს

სანამ ტექნიკის წმენდას დაიწყებთ, პირველ რიგში დაადგინეთ, თუ რა ტიპის მასალისაა ჩაშენებული გაზქურის ზედაპირი ან გაზქურა: ემალი, მინა-კერამიკა თუ უჟანგავი ფოლადი. ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთმა საწმენდმა საშუალებამ შესაძლოა დააზიანოს თქვენი ტექნიკა.
მინა-კერამიკული ზედაპირის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სახეხი, რომელიც ღრმად ჩამჯდარ ლაქებსაც კი გაუმკლავდება.
იმ შემთხვევაში, თუ საწმენდი საშუალებების ყიდვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში მომზადებული საპნის თბილი ხსნარი. სპეციალური საშუალებების მსგავსი ეფექტი არ აქვს, მაგრამ ცხიმიან ლაქებსა და ჭუჭყს გაუმკლავდება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მინა-კერამიკული ზედაპირის გასაწმენდად კატეგორიულად აკრძალულია სოდის გამოყენება, რადგან ჩვეულებრივმა სოდამ შეიძლება ის დააზიანოს. გახსოვდეთ, ზედაპირი ადვილად იწმინდება, მაგრამ საჭიროებს სათუთ მოპყრობას.

 

როგორ მოვუაროთ ღუმელს


დიასახლისები დაგვეთანხმებიან, რომ ღუმელის მოვლა საკმაოდ დამღლელი საქმიანობაა. იმისათვის, რომ ეს რუტინული პროცესი ცოტათი მაინც გავიადვილოთ და ცხიმის სიღრმეებში ჩაჯდომა ავიცილოთ თავიდან, უნდა შევთანხმდეთ, რომ ღუმელის ყოველი მოხმარების შემდეგ მას სველი ღრუბლით უნდა მოვაშოროთ ცხიმი. ამ პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ ადვილია ქიმიური საშუალებებით, თუმცა უმჯობესია ნაკლებ ტოქსიკური გზები ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, მეთოდის არჩევის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ღუმელის მასალა.

samzareulos-teqnikis-movla

 

ყველაზე პოპულარული მეთოდი: ორთქლი.
ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავასხათ წყალი (150-200 მლ), შევდოთ გაზქურაში და 20 წუთის განმავლობაში 100-120° ვადუღოთ. წყლის აორთქლება ღუმელში არსებულ ნამწვსა და ცხიმის ლაქებს დაალბობს და მის წმენდას გააიოლებს.
თუ გაქვთ ღუმელი, რომელიც კატალიტიკური პანელებით არის აღჭურვილი, ეს ფუნქცია ტექნიკის დასუფთავების პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ. ასეთი მექანიზმი კერძის მზადების პროცესში მექანიკურად ასუფთავებს ღუმელს წარმოქმნილი ნამწვისგან. თქვენ კი მხოლოდ მისი ძირისა და კარის გაწმენდა მოგიწევთ.

ღუმელის დასუფთავების ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება პიროლიტიკური თვითწმენდა. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია ყველა ღუმელს არ აქვს. პიროლიტიკური თვითწმენდის ფუნქცია ტემპერატურას 500 გრადუსამდე ზრდის და ნაცრად აქცევს არსებულ ნარჩენებს, რაც ყოველგვარი საწმენდი საშუალების გამოყენების გარეშე მარტივად სუფთავდება. რეჟიმის გააქტიურების წინ აუცილებელია დააცარიელოთ ღუმელი.

და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ტრადიციული მეთოდი - მექანიკური გასუფთავება. ამისთვის საჭიროა: დააცარიელოთ ღუმელი და მოხსნათ ყველა აქსესუარი (მათ ცალკე გარეცხავთ). აიღეთ ღრუბელი, სპეციალური საწმენდი საშუალება და გაწმინდეთ ღუმელი.

 

samzareulos-teqnikis-movla

როგორ მოვუაროთ გამწოვს

რთულია წარმოიდგინოთ თანამედროვე ფუნქციონალური სამზარეულო გამწოვის გარეშე. პრაქტიკული მოწყობილობა, რომელიც ზრუნავს ჩვენი სამზარეულოს ჰაერის გაწმენდაზე, საჭიროებს სწორ მოვლას. სამზარეულოს გამწოვის ალუმინის ფილტრში ჩამჯდარი ცხიმის მოშორება ყველაზე რთული ამოცანაა. ფილტრი ერთ ან ორ ნაწილადაა გაყოფილი, იშვიათად სამ და მეტ ნაწილად. თუ ფილტრს თვეში ორჯერ მაინც რეცხავთ, საკმარისია მოხსნათ ის და 30 წუთით მოათავსოთ საპნის თბილ ხსნარში რათა ცხიმი მარტივად მოშორდეს. შემდეგ გადაავლეთ წყალი და მშრალი ტილოთი გაპრიალეთ.
ღრმად ჩამჯდარი ცხიმის მოსაშორებლად გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური, გამოწოვის ფილტრისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები. გახსოვდეთ, რომ ალუმინის ფილტრი საჭიროებს სათუთ მოპყრობას.

 

როგორ მოვუაროთ მიკროტალღურ ღუმელს

ბევრი ოჯახი მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულ საკვებს სისტემატურად იღებს. ექსპლუატაციაში მყოფი დანადგარის დასუფთავების სიხშირეც სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული. დასუფთავებამდე აუცილებლად გამორთეთ ღუმელი ელექტრო როზეტიდან და გამოიღეთ მოხსნადი ნაწილები, რაც მთავარია “თეფში”. შემდეგ გამოიყენეთ შესაბამისი საწმენდი საშუალება და ზედაპირი სველი ღრუბლითა და რბილი ქსოვილით დაამუშავეთ.

samzareulos-teqnikis-movla

ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ხალხურ მეთოდებს. მაგალითად, მინის ჯამში (არ გამოიყენოთ მეტალის ჭურჭელი) ჩაასხით წყალი, დაამატეთ ლიმონი ან ლიმნის მჟავა, მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, გააქტიურეთ რეჟიმი „მიკროტალღური ღუმელი“ და დატოვეთ 10 წუთით მაქსიმალურ ტემპერატურაზე. როდესაც ღუმელი შეასრულებს ციკლს გამოიღეთ ფინჯანი და ზედაპირი სველი რბილი ქსოვილით გაწმინდეთ. ასეთი მანიპულაცია თქვენს ღუმელს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

როგორ მოვუაროთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას

მართალია, ჭურჭლის სარეცხი მანქანა თქვენს ჭურჭელს რეცხავს, თუმცა დროდადრო თავადაც საჭიროებს გასუფთავებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მანქანის ფილტრს. გამოიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა უჯრა, მოხსენით ფილტრი და გარეცხეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის ნებისმიერი სარეცხი საშუალება.

samzareulos-teqnikis-movla

თუ საკითხს ღრმად შეისწავლით, მიხვდებით, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის თვეში ერთხელ (მინიმუმ) აუცილებელია მისი ფილტრის გაწმენდა.

როგორ მოვუაროთ მაცივარს

პირველ რიგში, დასუფთავებამდე აუცილებლად გამოალაგეთ საკვები და ყველა მოხსნადი აქსესუარი, გამოიყენეთ შესაბამისი საწმენდი საშუალება და ზედაპირი სველი რბილი ქსოვილით გაწმინდეთ. თანამედროვე მაცივრების უმეტესობა ავტომატურ რეჟიმში ლღვება წვეთოვანი ან No Frost სისტემით. მაგრამ, თუ თქვენს მაცივარს აღნიშნული ფუნქცია არ აქვს, გამოიყენეთ ხელით ლღობა. ამისთვის, უნდა გამორთოთ მაცივარი საშუალოდ 6 თვეში ერთხელ. ეს მარტივი მანიპულაციები საკმარისია იმისთვის, რომ მაცივარში არასასიამოვნო სუნისა და ბაქტერიების წარმოქმნას თავი აარიდოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, პროდუქტები ცალკე კონტეინერებში ჰერმეტულად შეინახოთ, ხოლო გაფუჭებული პროდუქტები დროულად გადაყაროთ. ყველა პროფილაქტიკური პროცედურის შემდეგ შეგიძლით გამოიყენოთ სპეციალური აბსორბენტი, რომელიც გაუმკლავდება ცუდ სუნს.

samzareulos-teqnikis-movla

როგორ მოვუაროთ ბლენდერს, მიქსერსა და სამზარეულოს კომბაინს


წვრილი ტექნიკა საგულდაგულო დასუფთავებას საჭიროებს. ბლენდერი, მიქსერი თუ კომბაინი - ამ დანადგარების მოვლა რთული არ არის, თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ. მოხსენით ყველა მოხსნადი ელემენტი და გამოავლეთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში, ხოლო დანადგარების ძრავა სველი ნაჭრით მოწმინდეთ. ამის შემდეგ გააშრეთ ძრავა და ყველა მოხსნადი ელემენტი. არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ეს მანიპულაცია, რადგან გამჯდარი ცხიმის თუ ჭუჭყის ამოყვანა მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

 

როგორ მოვუაროთ ჩაიდანს

ჩაიდანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ნივთია. გვხვდება ორი სახის მოწყობილობა, ელექტრო ან გაზზე დასადგამი კლასიკური მოდელი. ორივე მოდელს სჭირდება მოვლა, რადგან დროთა განმავლობაში ჩაიდანს უჩნდება ნადები, რაც არაჰიგიენური და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამასთანავე ნადები აფერხებს ჩაიდანის მუშაობას, წყალიც შედარებით გვიან აღწევს დუღილის ტემპერატურას და ელექტრო ენერგიაც მეტი იხარჯება. 

samzareulos-teqnikis-movla

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?
პირველი: გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები. ქიმიკატების გამოყენების შემდეგ გაავსეთ ჩაიდანი წყლით და აადუღეთ. ადუღებული წყალი გადაასხით.
ჩაიდანზე წარმოქმნილი ნადების მოშორება შეიძლება ლიმონის მჟავით ან სოდით. ჩაყარეთ ერთი კოვზი სოდა ან ლიმონის მჟავა ჩაიდანში, აავსეთ ჩაიდანი წყლით, და აადუღეთ. წყალი გადაღვარეთ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიდანი გახეხოთ რბილი სახეხით და გაამშრალოთ რბილი ქსოვილით.

 

როგორ მოვუაროთ მულტისახარშ ქვაბს


ყოველდღიურად, სადილის მზადებისას თანამედროვე დიასახლისები უპირატესობას ანიჭებენ მულტისახარშ ქვაბებს. ამ ფუნქციონალურ დანადგარს შეუძლია ჩაანაცვლოს როგორც გაზის, ასევე მიკროტალღოვანი ღუმელი. მაგრამ, როგორ მოვუაროთ მას? რაც არ უნდა ძვირადღირებული ტექნიკა შეიძინოთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება თუ პერიოდულად არ გაწმენდთ.

samzareulos-teqnikis-movla


პირველ რიგში, ამოიღეთ მულტისახარში ქვაბის ჭიქა და გამოავლეთ ჯერ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში, შემდგომ წყალში და აცადეთ გაშრობა. უყურადღებოდ არ დატოვოთ ქვაბის სახურავის შიდა ნაწილი. თუ სახურავი იხსნება, მოხსენით და გარეცხეთ, ხოლო თუ სახურავი ჰერმეტიულად არის დამაგრებული, რბილი ნაჭრით მოწმინდეთ. თუ თქვენს დანადგარს აქვს კონდენსატის რეზერვუარი, მოხსენით და გარეცხეთ. ამის შემდეგ, მულტისახარში ქვაბი მზად არის ექსპლუატაციისთვის.